logo
ENG



ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდნენ

15 მარ 202117:24
3 წუთის საკითხავი
 

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და  ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდნენ - საქმე ეხება ჟურნალისტების განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეს.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აინტერესებთ, რა მასალა აქვს  უწყებას და გამოიკითხა თუ არა ლევან მამალაძე. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და მოითხოვენ, რომ მუქარის შემცველ იმ განცხადებებზე დაიწყოს გამოძიება, რაც ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გააჟღერა საჯაროდ. 

ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ ივანიშვილის ოჯახს აკისრებენ. 

„ჩვენზე განეიტრალება საჯარო მუქარებიდან გამომდინარე, შედის ოცნების ლიდერის ინტერესებში. უშუალო მუქარები მივიღეთ ჩვენი ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით მათი უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნისგან", - ამბობს ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან მათ მუქარის წერილები მიიღეს.

 

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა