სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი ღირებული, მხოლოდ მისი პირადი სიმდიდრეა.
ამის შესახებ ხარშილაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა. ხარშილაძის შეფასებით, ივანიშვილი არ არის დასავლეთში ინტეგრირებული ადამიანი, რადგან ის რუსეთში გაზრდილი ბიზნესმენია.
„სააკაშვილი და შევარდნაძე, ეს ხალხი იყო პოლიტიკაში და მათზე პოლიტიკური ცნობიერება მოქმედებდა. მიხეილ სააკაშილი რომ შევადაროთ ივანიშვილს, სპეცსამსახურებიც უფრო ძლიერი ჰყავდა, პოლიციაც უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ჰქონდა რაღაც წითელი ხაზები, რომელსაც ის არ გადალახავდა. ის ხვდებოდა რა არ შეიძლება გადალახო. ეს ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია, ის არის რუსეთში გაზრდილი ბიზნესმენი, ეს ფაქტია და არ არის მისი კრიტიკა, რუსული მოდელის მიხედვით, უნდა მოიხვეჭო რამდენიც შეგიძლია და გასცე იმდენი, რამდენიც გინდა. საერთაშორისო მეგობრებთან გვაქვს ასეთი კომიკური სიტუაცია, შეხვედრებზე წაუყრუებს-ხოლმე. ისე იქცევა თითქოს ვერ გაიგოო და მერე რამდენიმეჯერ ვუმეორებთო. ერთადერთი ხელჩასაჭიდი არის მისი სიმდიდრე, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს თანხა რუსეთში იშოვა, დასავლეთში ინახავს. მენტალურად მას ვერ ვუწოდებთ დასავლეთში ინტეგრირებულ ადამიანს, მაგრამ ფინანსურად ის სრულადაა ინტეგრირებული. დასავლეთიც არ უტოვებს სხვა შანსს და მაგას მიადგებიან. შესაბამისად, სანქციებამდე ალბათ არ მივა საქმე, რადგან საქართველო პარტნიორი ქვეყანაა და ის მისი მმართველი პარტიის ლიდერი, მაგრამ ეს სანქციების ენა არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილს მკაფიოდ ესმის. სხვა შემთხვევაში მას ნაკლებად აინტერესებს საქართველო ათი ადგილით მაღლა ავა თუ ჩავა. რა თქმა უნდა მას ურჩევნია ოდირის დასკვნა კარგი იყოს, მაგრამ მისთვის ეს არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. მისი სასიცოცხლო ინტერესი პირდაპირ არის დაკავშირებული ხელისუფლებაში ყოფნასთან და მხოლოდ ერთია ძვირფასი, მისი პირადი სიმდიდრე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფია“, - აცხადებს ხარშილაძე.