logo
ENG



ნონა ეფაძე: ბათუმში, ანბანის კოშკთან, ტესტირების მსურველებისთვის მესამე კარავი დაემატება

02 სექ 202011:55
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე აცხადებს, რომ ბათუმში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე განცხადებით, ინფიცირებული პაციენტებიდან ერთი არასრულწლოვანია. 

"გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარის რეგიონში დადასტურდა ახალი 26 შემთხვევა. აქედან ერთი საკარანტინე სივრციდან არის, ანუ უკავშირდება საზღვრის კვეთას. სამი გახლავთ სიმპტომებით, რომლებმაც მიმართეს ცხელების ცენტრს. ერთი გახლავთ ძველი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და 21 გახლავთ საკონდიტრო მაღაზია "დონასთან" დაკავშირებული ახალი შემთხვევა, რომელიც გუშინ გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ერთი არის არასრულწლოვანი, დანარჩენი ყველა მოზრდილია. დადასტურებული შემთხვევები ყველა გადაყვანილია შესაბამის კოვიდ ცენტრებში", - განაცხდა ნონა ეფაძემ.

მისივე განცხადებით, ბათუმში გაფართოებული ტესტირება გრძელდება და 2 კარავს, რომელიც კორონავირუსის ტესტირებისთვის იყო განთავსებული ქალაქში, მესამე დაემატება, რათა ყველა მსურველმა შეძლოს ტესტირების გაკეთება.

"მიმდინარეობს კონტაქტების მოძიების სამუშაოები, ტარდება გაფართოებული ტესტირება. ბათუმში იყო 2 კარავი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიტესტოს. დღეს 12 საათიდან ბათუმში, ანბანის კოშკთან მესამე კარავი დაემატება. ტესტირება ჩატარდება ყოველდღიურად საღამოს 22 საათამდე. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში ყველა მსურველს ვისაც რისკის ან უბრალოდ სურვილის გამო ტესტირების სურვილი ექნება, ქალაქის ყველა პოლიკლინიკა სამუშაო საათებში მიიღებს", - განაცხადა ნონა ეფაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 22 ბათუმის საკონდიტრო დონას უკავშირდება

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 270 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა