logo
ENG



ნორვეგიამ რუსეთის საგზაო და საზღვაო ტრანსპორტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

29 აპრ 202218:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/wc8zf9dctvdpvst.jpg
Jonathan Nackstrand / AFP

ნორვეგიამ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის შესაბამისად, რუსეთის საგზაო და საზღვაო ტრანსპორტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ნორვეგიის ხელისუფლების გავრცელებული განცხადების მიხედვით, 7 მაისიდან რუსული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდებისთვის, მათ შორის კომერციული გემების, იახტებისა და გასართობი და რეკრეაციული ტრანსპორტისთვის პორტები დაიხურება.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიასა და რუსეთს შორის ბარენცის ზღვაში თევზის აქტივების მენეჯმენტისა და შენახვის სპეციალური შეთანხმების გამო, აკრძალვა არ შეეხება სათევზაო ხომალდებსა და სამძებრო და სამაშველო ან კვლევით ხომალდებს.

საგზაო ტრანსპორტის შემთხვევაში კი შეზღუდვები შეეხება რუსული წარმოშობის სატრანსპორტო კომპანიების სატვირთო მანქანებს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ უიტფილდმა დღეს, 29 აპრილს განაცხადა, რომ ვინაიდან სანქციები საუკეთესოდ მაშინ მუშაობენ, როცა რამდენიმე ქვეყანა თანხმდება მათ დაწესებაზე, ნორვეგია უერთდება ევროკავშირის პაკეტს.

„სანქციები რუსეთის რეჟიმზე წნეხის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩვენი ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან ერთად დგომა, რათა გავაგრძელოთ რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაფინანსების შესაძლებლობების შესუსტება“, - განაცხადა უიტფილდმა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი 8 აპრილს მიიღო. ნორვეგია ევროპის ეკონომიკური ზონის ნაწილია. შესაბამისად, მას ევროკავშირის შიდა ბაზარზე აქვს წვდომა, თუმცა ნორვეგია არაა ვალდებული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ან ახალი კანონები მიიღოს.


close დახურვა