logo
ENG



ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს

13 იან 202317:08
3 წუთის საკითხავი
 

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების გასაწევად საზღვარგარეთ გადაიყვანოს.

"ძალიან გვაღელვებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. ვითვალისწინებთ საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების წვდომის კუთხით არსებულ შეზღუდვებს, ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩერონ მისი განაჩენის გამოტანა ჰუმანიტარულ საფუძველზე, რათა უზრუნველყონ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, რადგან ისინი ვალდებული არიან, ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწიოს", - აცხადებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი, ბერით ლინდემანი.

დღეს სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარემ მესამე პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის თაობაზე გამოძიება დაიწყო. მისივე თქმის გამოძიებაში ჩართულია მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი.

 

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად. 


close დახურვა