„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის საგარეო ორიენტაცია, არც დღეს ემთხვევა მათსას.
ამის შესახებ მან გადაცემაში „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო პოლიტიკური ორიენტირი ცნობილია. ეს არის ევროატლანტიკური მიმართულება, მაქსიმალური დაახლოება ევროპასთან. ასევე ცნობილია ნინო ბურჯანაძის საგარეო ორიენტირი, პირველი არ არის მისი წასვლა მოსკოვში, ადრეც გვინახავს მისი შეხვედრები და არაერთგზის დაფიქსირებულა ჩვენი მკაფიო პოზიცია და ახლაც არავინ ერიდება აზრის დაფიქსირებას. ეს არის სრულიად მიუღებელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისათვის. რაც შეეხება ფორმატს, ეს არის უკიდურესად შეზღუდული ფორმატი, სადაც მხოლოდ ერთ საკითხზე ვსაუბრობთ, პროპორციულ არჩევნებზე, როცა ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა ყველა და წაგვართვა არჩევნები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.