logo
ENG



ნულანდი: ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტები უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, მხარს ვუჭერთ

17 თებ 202316:22
3 წუთის საკითხავი
clock 489
2023/02/17/wxmzmj7ae0ja617.jpg
Susan Walsh/Pool via REUTERS/File Photo

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ობიექტები უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა და აშშ უკრაინას ამ თავდასხმებში მხარს უჭერს.

უკრაინის ომის ესკალაციის საფრთხეების შესახებ კითხვაზე პასუხად ნულანმა განაცხადა, რომ რუსეთს ყირიმში ის სამხედრო განლაგებები აქვს, რაც კონფლიქტში გადამწყვეტია.

მისი თქმით, უკრაინა ყირიმის დემილიტარიზაციის გარეშე უსაფრთხოდ ვერ იქნება.

„ეს ლეგიტიმური სამიზნეებია, უკრაინა მათ ურტყამს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ...

მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტენ უკრაინელები ყირიმზე, იმ კუთხით, სად გადაწყვეტენ ბრძოლას და ა.შ, უკრაინა არ იქნება უსაფრთხოდ სანამ ყირიმის, სულ მცირე, დემილიტარიზაცია არ მოხდება“ - განაცხადა ნულანდმა.

პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ უკრაინის ომის "დამატებითი ესკალაციის" წახალისებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, რადგან ვაშინგტონი "რუსეთის დამარცხებაზე ოცნებობს".

„ახლა ამერიკელი ომის წამქეზებლები კიდევ უფრო შორს წავიდნენ: ისინი კიევის რეჟიმს ახალისებენ, რომ ომის მეტად ესკალაცია მოხდეს.

ისინი უდიდესი რაოდენობით აწვდიან იარაღს, უზრუნველყოფენ დაზვერვას და პირდაპირ მონაწილეობენ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვაში“ - განაცხადა ზახაროვამ.


close დახურვა