logo
ENG



ო'ბრაიენი: საქართველოში წელს მნიშვნელოვანი არჩევნებია, მხარს ვუჭერთ სადამკვირვებლო მისიას

26 იან 202411:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/s7zzcn1adq39gd5.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში ომი იყო, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა.

მას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ დაუსვეს კითხვა. ო'ბრაიენის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავენ, შესაბამისად, უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

ჯეიმს ო'ბრაიენმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც გაამახვილა ყურადღება.

"საქართველოს წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და ვაპირებთ თანამშრომლობას ამ მისიასთან, ქვეყნის ძალიან ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის. საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ მათ სურთ რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო რეფორმებში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. ვაფასებთ მათ ნაბიჯებს სანქციებისგან თავის არიდების თვალსაზრისით.

ვიცით, რომ რუსეთი ახდენს დიდ ინვესტირებას ნოვოროსიისკის პორტში, ასევე ცდილობს დაკავებული უკრაინული პორტების გამოყენებას, აშენებს ინფრასტრუქტურას აფხაზეთში. მიმდინარე წელს ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან რეგიონის 10 ქვეყანას უნდა მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა უსაფრთხო გარემოში", - განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა.


close დახურვა