logo
ENG



ობრაიენი: გვინდა დავრწმუნდეთ, რა იტვირთება საქართველოდან რუსეთში დაბრუნებულ თვითმფრინავებში

27 ივლ 202312:51
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი აცხადებს, რომ მათ სურთ დარწმუნდნენ, რა იტვირთება თვითმფრინავებში, რომლებიც საქართველოდან რუსეთში ბრუნდებიან.

სენატორმა ჯინ შაჰინმა მას ჰკითხა, შემაშფოთებელია თუ არა, რომ ფრენების განახლება სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობა დაეხმარება?

"არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია, ასე რომ გვინდა დავრწმუნდეთ, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი საქართველოდან უკან, რუსეთში ბრუნდება"- უპასუხა ობრაიენმა სენატორს.

ობრაიენის თქმითვე, მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს საზღვრიდან რუსეთში ნებისმიერი სახის გადაადგილებაზე სრული კონტროლია.

"თბილისში ვიყავი კოლეგებთან ერთად ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ასე, რომ წარმოდგენილი ვიყავით როგორც ერთიანი ფრონტი. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა.

ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე იქნება ეს აეროდრომები თუ სახმელეთო-საგზაო საზღვრები. ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა - შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა, უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველო-რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით"- თქვა ობრაიენმა.


close დახურვა