logo
ENG



ობრაიენი: საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია

01 მაი 202319:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/01/yvbnh9jrw2007bh.png

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ობრაიენი აცხადებს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია.

ამაზე ობრაიენმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სახის ტრანზაქციებში ჩართული ბიზნესმენები "რულეტს თამაშობენ", რადგან დროის ერთ მონაკვეთში ეს დაშვებული იყო, ახლა ეს დამთავრდა და უნდა შეწყდეს ეს პრაქტიკა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას სანქციები. ეს არის გაეროს წესდების აშკარა დარღვევა და სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის საფუძველი. ბიზნესისთვის არსებობს ორი ელემენტი. ერთ-ერთი მათგანია კომუნიკაცია. ჩვენ რეგულარულად ვსაუბრობთ საჯაროდ. ჩვენ სიამოვნებით დაველაპარაკებით ცალკეულ ბიზნესებს თუ არის პოტენციური პრობლემა. ჩვენი კოლეგები ხაზინაში, ვაჭრობის დეპარტამენტში და აქ სახელმწიფო დეპარტამენტში, ძალიან ხშირად ვესაუბრებით ბიზნესებს, ბიზნეს ასოციაციებს. გვაქვს საგანმანათლებლო მასალები. ამასთან ერთად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ხარვეზებს. ერთ-ერთი მათგანი ახლა ვახსენე. კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. ისინი ალბათ ამბობენ, რომ ამ საქონელს რუსეთში გააგზავნიან. მათ შეიძლება იციან ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა"- აცხადებს ობრაიენი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველო იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ნებით თუ უნებლიედ ხელს უწყობს რუსეთს, ობრაიენი პასუხობს:

"ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე - იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომ ეს ახლა უნდა შეწყდეს".

 


close დახურვა