logo
ENG



ოდესის გუბერნატორი: მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვით რუსეთი ცდილობს, მსოფლიო აშიმშილოს

24 ივლ 202316:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/24/lpu7w1w8nknj5ay.jpeg

უკრაინის ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ კიპერმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის გლობალურ ბაზრებზე ექსპორტის დაბლოკვის მცდელობით, რუსეთს მსოფლიოში შიმშილის გამოწვევა სურს.

მისი თქმით, ამას მოწმობს რუსეთის საჰაერო თავდასხმების ახალი სერია მდინარე დუნაის ტერიტორიაზე განლაგებულ მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე. 

23 ივლისს გამთენიისას ოდესაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თადასხმის შედეგად დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი, საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. დაიღუპა სულ მცირე ერთი, დაშავდა ათობით ადამიანი. უკრაინის ცნობით, რუსეთმა იერიში მიიტანა მარცვლეულის მარაგებზეც.

რუსეთმა ოდესაზე იერიშები გაახშირა მას შემდეგ, რაც 17 ივლისს მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. ეს შეთანხმება უკრაინას შავ ზღვაში მარცვლეულის გადატანისთვის უსაფრთხო დერეფანს უქმნიდა. შეთანხმებიდან გასვლისას კრემლში განაცხადეს, რომ მისი ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა".

19 ივლისს რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ოდესაზე თავდასხმისას რუსი სამხედროები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.


close დახურვა