ოზურგეთის საკრებულოში ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ოზურგეთის საკრებულოში კვების პროდუქტები მიიტანეს, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ყველაფერი ძალიან გაძვირებულია.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სოციალური პრობლემების ფონზე მმართველი პარტია ბიუჯეტის ფულს უსარგებლო მიზნებისთვის ხარჯავს.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თათია ნიკოლაიშვილის თქმით მერიამ 100 რქოსანი პირუტყვის უკონტროლოდ გადაადგილების აღსაკვეთად ბიუჯეტიდან 9 თვის მანძილზე 30 000 ლარი გამოყო.
"პროგრამა ითვალისწინებს 100 რქოსანი პირუტყვის უკონტროლოდ გადაადგილების აღკვეთას. მერიისგან პასუხი ოფიციალურად დოკუმენტირებულია და 100 რქოსანი პირუტყვის გადადენისთვის 9 თვის მანძილზე 30 000 ლარი არის ოზურგეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი. ანუ ბატონ ავთანდილ თალაკვაძეს თუ დავუჯერებთ, 1 ძროხის გადადენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უჯდება 500 ლარი. ანუ ბატონი ავთანდილი თვლის, რომ ისე კარგად არის ოზურგეთში ყველაფერი, რომ მას ყავს დასაქმებული ადამიანები მერიაში, რომლებსაც 500 ლარს უხდიან 1 ძროხის გადადენაში."- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თათია ნიკოლაიშვილმა.
სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით მჟავანაძემ ასევე გააპროტესტა 2 ჰექტარი მიწის გასხვისება, რომელიც წარმოადგენს რეკრეაციულ ზონას და მდებარეობს შეკვეთილში იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ბიძინა ივანიშვილის საზაფხულო აგარაკია. ოპოზიციის ვარაუდით, ამ მიწის შეძენით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.