ოზურგეთის საკრებულოში ხმაურია. ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები მიიტანეს, ხოლო ქართული ოცნების წარმომადგენლებს კი გირგვლიანის ფოტოები ჰქონდათ.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ.
ოპოზიციის დეპუტატები პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვებას აპირებენ, სადაც დღეს 2023 წლის ბიუჯეტის საკითხი უნდა განეხილათ.
ოპოზიციის თქმით, ქვეყანაში შექმნილია ისეთი მდგომარეობა, სადაც მესამე პრეზიდენტის გადარჩენა უნდა იყოს პრიორიტეტი, რომლის მდგომარეობაც არის მძიმე.
"თავიდანვე გამოვაცხადეთ, რომ არ დავესწრებოდით საკრებულოს სხდომას და არ მივიღებდით მონაწილეობას. ეს იქნებოდა ჩვენი ბოიკოტი იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში და პრეზიდენტს კლავს პირდაპირ საქართველოს მთავრობა, რომელიც კონტროლირებადია და თავიდან ბოლომდე აკონტროლებს რუსული ხელისუფლება და კრემლის პირად პატიმარს მიხეილ სააკაშვილს დღეს კლავს ქართული ოცნება, კლავს ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე. ახლა ვინც აქ არის და ვინც ამართლებს ამას, კოლექტიური კობახიძეები არიან. არ გვქონდა იმის საშუალება, რომ პროტესტის ნიშნად დაგვეტოვებინა სხდომა. დარბიან ფოტოებით და ამ დროს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მყოფი პროკურორები არიან, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე."- ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით მჟავანაძე.