ოზურგეთში სახლის მესაკუთრის შვილიშვილმა პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ბანერი ჩამოხსნა და სახლის ჭიშკარზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინა.
მანამდე მან დროშები სახლიდან გადმოფინა, თუმცა მისმა ბებიამ ჩამოხსნა.
მისი თქმით, ფართის მიქირავების შესახებ არ იცოდა და ალტ-ინფოს ოფისის გახსნის საშუალება ბებიამ მისცა, რომელიც, მისივე თქმით, "გააცურეს".
"არანაირად არ ვემხრობი ალტ-ინფოს. მე ვარ ამ ოჯახში გაზრდილი და ვერ ავიტან რუსულ პროპაგანდას. რუსეთის სისასტიკეს არანაირად არ ვემხრობი. სანამ აქ ვიქნები, ალტ-ინფო თავის ბანერს ვერ გადმოფენს. მათ გააცურეს ჩემი ასაკოვანი ბებია და [ასე შეძლეს ოფისის გახსნა]. მე არ ვუჭერ მხარს რუსეთს, ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს", - ამბობს ბიჭი.
ის ძალადობრივი ორგანიზაციის წევრებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია.
გუშინ, 12 აპრილს სახლთან ხმაური იყო. ქალმა, რომელმაც ალტ-ინფოს ფართი მიაქირავა, ჟურნალისტებს ხელკეტით გაუსწორდა. ის ჟურნალისტებს დღესაც დაუპირისპირდა.