ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი კიდევ ერთხელ ესხმიან თავს აშშ-ის საელჩოს და ამჯერად სამართალდამცველების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.
ოთხეული ეხმაურება საელჩოს განცხადებას ე.წ მოსმენების კანონის შესახებ, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ქართული ოცნების პარლამენტმა კი ვეტო დაძლია და ის თავდაპირველი ვერსიით მიიღო. საელჩომ თქვა, რომ კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ქვეყანას აშორებს ევროინტეგრაციას.
ივანიშვილის დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და რომ მას არაფერი აქვს საერთო მოქალაქეების კონტროლის სურვილთან. მათი მტკიცებით, სწორედ ამიტომ ვერ წარმოადგინეს პრეზიდენტმა და ვენეციის კომისიამ ვერც ერთი სამართლებრივი შენიშვნა.
"ასეთ პირობებში, აშკარაა, რომ საელჩო მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისთვის იყენებს. თუმცა, აქ ესეც არაა მთავარი". - წერენ ისინი.
სუბარის, ხუნდაძის, მაჭარაშვილის და ყაველაშვილის 10 სექტემბრის წერილში ნათქვამია, რომ საელჩოს უსაფუძვლო თავდასხმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე შემთხვევითი სულაც არ არის.
ისინი ახსენებენ ყოფილ პრემიერს და შს მინისტრს, გიორგი გახარიას და აცხადებენ, რომ მან ბასიანის და პანკისის სპეცოპერაციები, ასევე 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაცია პოლიციის იმიჯის დასაზიანებლად ჩაატარა, ისევე, როგორც პანკისის სპეცოპერაცია. დეპუტატების თქმით, გახარია "უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგა და პოლიციის იმიჯის დასაზიანებლად შს მინისტრობა მოითხოვა".
"გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მკაფიოდ იკვეთება, რომ საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამის გამოხატულება იყო გამუდმებული თავდასხმები სასამართლოსა და პროკურატურაზე, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა, უგულავას, მელიას, რურუას და სხვა კრიმინალების განთავისუფლების დაჟინებული მოთხოვნა და ა.შ. საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების მოშლის მცდელობის განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება იყო გიორგი გახარიას ხელით ორგანიზებული სპეცოპერაციები, რომლებიც პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად.
გახარიას „ბასიანში“ შესვლას თავის დროზე გუნდშიც სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით კახა კალაძის მხრიდან, რომელიც თავის სამართლიან აღშფოთებას ყველაზე აქტიურად გამოხატავდა. რაც თავიდან ავანტიურისტული შეცდომა გვეგონა, სრულიად შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, „ბასიანში“ შესვლის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პოლიციის იმიჯის შელახვა და პოლიციელების მიმართ აგრესიის გაჩენა იყო და ეს დავალება გახარიამ პირნათლად შეასრულა.
პოლიციის იმიჯის შესალახად და დასაკნინებლად ჩატარდა პანკისის სპეცოპერაციაც, სადაც გახარიამ სპეცრაზმი არასწორ დროს შეიყვანა და არასწორი დავალებებით ამოქმედა. ყველას კარგად გვახსოვს უმძიმესი სურათი მძიმედ დაშავებული პოლიციელებითა და განადგურებული სპეცტექნიკით. რაც შეცდომა გვეგონა, ამ შემთხვევაშიც შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა, რომელიც ასევე პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.
რატომ ასროლინა გახარიამ დამიზნებით რეზინის ტყვიები ჟურნალისტებზე და შტურმიდან მოშორებით მყოფ ადამიანებზე, ეს ცალკე განხილვას საჭიროებს. რა თქმა უნდა, მიზანი აქაც პოლიციის იმიჯის დაზიანება და მის მიმართ მოსახლეობაში აგრესიის გაჩენა იყო. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა.
საელჩოს მხრიდან სასამართლოსა და პროკურატურის დაზიანებისა და მოშლის მცდელობებს, პრაქტიკულად, მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით. უკვე წლებია, წარმოებს მადისკრედიტირებელი კამპანიები საელჩოს მიერ დაფინანსებული ენჯეოების შესრულებით პროკურატურის და განსაკუთრებით, სასამართლოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, ისეთი მოთხოვნების დაყენებით, როგორიც, მაგალითად, მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევაა, საელჩო ღიად ცდილობს, თავის ფავორიტ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ დანიშვნებზე ვეტოს უფლება მოუპოვოს, რაც ორივე სტრუქტურის მოშლის ტოლფასი იქნებოდა.
საქართველოში სამართლის უზენაესობისა და სამართალდამცავი ორგანოების დასუსტების მთავარი მიზანი ცხადია: კრიმინალებს უნდა გაუადვილდეთ რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ჩართვა.
სახელმწიფოს სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და სიმტკიცე დიდწილად სწორედ სამართალდამცავ სტრუქტურებზეა დამოკიდებული. იქ, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები სუსტდება, ხელისუფლებაც ადვილი მოსარყევი ხდება. სწორედ ამიტომ, კანონის უზენაესობის დაცვასა და კრიმინალთან ბრძოლაში ხელისუფლება უკომპრომისო უნდა იყოს, როგორც არ უნდა სცადოს საელჩომ მოვლენების საპირისპირო მიმართულებით განვითარება.
სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალამ უნდა დაიცვას სამართალდამცავი სტრუქტურებიც. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია აუცილებლად, ხმა ავიმაღლოთ და საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე საელჩოს ნებისმიერი განცხადების თუ ქმედების შესახებ, რომელიც საქართველოში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული".