logo
ENG



ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

13 ნოე 202316:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/e7c2u9byo67yqpv.png

სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, უწყებიდან დღეს დაურეკეს და ადგილზე ოჯახის წევრები დაიბარეს.

"დღეს დამირეკეს, დაიბარეს ოჯახის წევრები, თამაზის მეუღლე ვერ არის კარგად, წავიდა შვილი და მისცეს დაზარალებულის სტატუსი. გამომძიებელი მირეკავს ყოველდღე და არ მცალია, შევთანხმდით, რომ ოთხშაბათს ჩავალ და გვეტყვის რაც სათქმელია. გორის პოლიციაში, პირადი გამომძიებელი ვინც არის თამაზისა", - განაცხადა მან.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებული კი ლევან დოთიაშვილი იყო, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია. 

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ იყო და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფებოდა. 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.


close დახურვა