ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა გორის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია სავარაუდო მკვლელების შესახებ. გივი გინტური ამბობს, რომ მისი ძმის მკვლელი ნიკოლაი იშჩენკოა.
"ჭვმიტანილი თავიდანვე დავასახელე, მხოლოდ გვარი მეშლებოდა. გვარი და სახელი შევასწორებინე, მკვლელი იყო, მე მგონი, ყველამ იცით - იშჩენკო იყო ჩემი ძმის მკვლელი. სამართალდამცავებს ჯერ ჩემი ძმის მეუღლე არ დაუკითხიათ, გამოძიება არ არის დასრულებული.
მკვლელის შესახებ სამძიმარზე რომ მოდიოდა ხალხი, მეუბნებოდნენ, რომ ეს იყო თქვენი ძმის მკვლელი, დანახვით არ ვიცი, მაგრამ ინფორმაცია მომაწოდეს, რომ თქვენი ძმის მკვლელი ეს იყოო", - განაცხადა მან.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.