მთავრობის კანცელარიასთან საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და აქტივისტები მორიგ აქციას მართავენ და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრასა და ხელისუფლებისგან ბებუას გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.
ირაკლი ბებუა 2 წლის წინ, აფხაზეთში ე.წ დროშის დაწვის გამო უკანონო დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ოჯახი აცხადებს, რომ ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ოცნების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და მათ შორის, ბებუას გათავისუფლებისთვის საერთაშორისო ბერკეტი არ გამოუყენებიათ.
ოჯახის ცნობით, მათ ასევე არაერთხელ ითხოვეს პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა პრემიერი მათ ამ დრომდე არ შეხვედრია.
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ჩვენი მოთხოვნა 2 წლის თავზეც უცვლელია. ჩვენ გვინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, მაგრამ მისგან დღემდე პასუხი არ გვაქვს. ადმინისტრაციიდან იყო პასუხი, რომ ჯერჯერობით ვერ ახერხებდა ჩვენთან შეხვედრას, მაგრამ აუცილებლად მოხდებოდა. თუმცა 2 წლის თავზეც, ბატონი ირაკლი ვერ ახერხებს ჩვენთან კომუნიკაციის დამყარებას და ელემენტარული ოჯახის ნახვას და მოკითხვას.
ირაკლი ბებუა დღემდე 2 წლის თავზე იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში და მთავრობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ახორციელებს არანაირ ქმედით ნაბიჯს, არ იყენებს საერთაშორისო ბერკეტებს, იმისთვის რომ გაათავისუფლონ ირაკლი.“ - აცხადებს თამუნა ბებუა.
ბებუას ოჯახს და მხარდამჭერებს ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია წარსულშიც არაერთხელ გაუმართავთ.
საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა.
ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე-ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა.
ბებუას უკანონო ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისთვის.
საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.