რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივოი როგის მიმართულებით რაკეტები და ე.წ კამიკაძე დრონები გაუშვეს.
ინფორმაციას კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ ვილკული ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ის მოუწოდებს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის სიგნალები სარაკეტო დარტყმის მაღალი რისკებიდან გამომდინარე.
ვილკული ამბობს, რომ საჰაერო განგაშის დასრულებამდე, რეკომენდებულია თავშესაფრებში დარჩენა.
დღეს, 18 ოქტომბრის დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსებმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბეს. მათ შორის, ოკუპანტებმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს დნეპროპეტროვსკში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
გუშინ, 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. პუტინი აცხადებს, რომ ეს ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ ხდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს, თუმცაღა დარტყმების ქვეშ საცხოვრებელი ობიექტები ხვდება.