ოკუპაციის ახალი კერა - ოკუპანტები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მიტაცებას აგრძელებენ.
ამჯერად ძალები წაღველი-ჩორჩანის შემდეგ ჩორჩანა-პერევისკენ მიიწევენ. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია" ავრცელებს.
მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქტიურად მუშაობს სამხედრო-საინჟინრო ტექნიკაც.
ქაცარავას ინფორმაციით, სამუშაოები სამხედრო ბაზების ასაშენებლად სოფელ ბერშუეთთან, ოკუპირებულ ღდულეთსა და წინაგარას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მოძრაობის ლიდერის განმარტებით, ფაქტს ადგილობრივებიც ადასტურებენ.
„მოსახლეობა, რომელიც ჩვენ გვეკონტაქტა, სამწუხაროდ მათ გამოჩენა არ სურთ, რადგან ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლის ეშინიათ. მათ დაგვიდასტურეს, რომ მზადდება ბაზის აშენება, რომელიც გაამაგრებს წინაგარის სამხედრო ბაზას. ეს მეორე ბაზაც რამდენიმე კილომეტრში იქნება განლაგებული ცენტრალური ავტობანიდან“, - განაცხადა ქაცარავამ „ფორმულასთან“ საუბარში.