ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი ე.წ. პრეზიდენტის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. ინფორმაციას დე-ფაქტო პროკურატურა ავრცელებს.
ვლადისლავ არძინბას ძმისშვილს კემალ არძინბას სოხუმში, მის საცხოვრებელ სახლთან 18 მაისს ესროლეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არძინბას სამი ჭრილობა ჰქონდა.
კემალ არძინბას მკვლელობაში ბრალდებული 1992 წელს დაბადებული ბატალ ფილიაა. მას განზრახ მკვლელობას ედავებიან.
კემალ არძინბას მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ რადიო თავისუფლება წერს, რომ ბატალ ფილიას აფხაზეთის კრიმინალურ წრეებში კარგად იცნობენ. ის 2015 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბუნტის მოწყობას ცდილობდა. ასევე, 2019 წელს ნარკოტიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის დააპატიმრეს. მას სამწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ 2021 წლის თებერვალში გაირკვა, რომ ბატალ ფილია საპატიმროში არ იყო. ის სოხუმში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის. დე-ფაქტო შსს-ს მაშინდელი ცნობით, დაკავების შემდეგ ფილია შინაპატიმრობაში იყო გადაყვანილი.
ეხო კავკაზას ინფორმაციით, მოკლული კემალ არძინბა სოხუმში გავლენიანი ბიზნესმენის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა კრიმინალურ წრეებში ე.წ. კანონიერი ქურდის წოდება არ ჰქონია.
ვლადისლავ არძინბას არ ჰყავდა მამრობითი სქესის პირდაპირი მემკვიდრე, ამიტომაც მისმა ძმისშვილმა მიიღო შვილობილის სტატუსი და შესაბამისი როლი როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში.
გამოცემის ცნობითვე, კემალ არძინბას სახელს უკავშირდება ისეთი ხმაურიანი კრიმინალური საქმე, როგორიცაა 2019 წლის ნოემბერში მახაჯირის სანაპიროზე ორი კრიმინალური ავტორიტეტის, ალხას ავიძბასა და ასტამურ შამბას, მკვლელობა.
ავიძბასა და შამბას მკვლელობის შემდეგ მოკლულ ალხას ავიძბას ძმისშვილი ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად გამოჩნდა. ახრა ავიძბამ ბიძის მკვლელების პოვნა და სამაგალითოდ დასჯა მოითხოვა. მან ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, გარი არშბას, გადადგომისკენაც მოუწოდა კრიმინალების მფარველობის გამო. გარი არშბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ცოტა ხანში თანამდებობა დატოვა ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც, ხოლო 2020 წლის გაზაფხულზე დანიშნულ ე.წ. არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.
მახაჯირის სანაპიროზე მომხდარი მკვლელობისთვის დააპატიმრეს კემალ არძინბას ცოლის ძმა, ერიკ ჭკადუა. ბრალდებული 2020 წლის ივნისში კემალ არძინბას სახლში აიყვანეს. რამდენიმე დღეში კი ე.წ. პირველი პრეზიდენტის სახლს ესროლეს - გაირკვა, რომ სახლში კემალ არძინბა იმყოფებოდა.
კემალ არძინბას მოკვლა 2004 წელსაც სცადეს. მედიაში დაფარულ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს თავდასხმა "პოლიტიკურ დერეფნის მიღმა წარმოდგენებს" უკავშირდებოდა.
კემალ არძინბას მკვლელობა არ არის არძინბას ოჯახის წევრის მკვლელობის პირველი შემთხვევა - 2017 წლის დეკემბერში მოკლეს პაველ არძინბა, ადამიანი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ახლო წრის წევრი იყო.