ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ხელმძღვანელობს.
სოხუმის აეროპორტში დელეგაციას ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის ე.წ თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ელჩი დახვდნენ.
რუსეთის დუმის სპიკერი დე ფაქტო პარლამენტის ე.წ თავმჯდომარე ლაშა აშუბას შეხვდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდინმა თქვა, რომ "აფხაზეთის პარლამენტთან თანამშრომლობის ახალ ფორმატში გადავიდნენ".
რუსეთის დუმის სპიკერმა და დე ფაქტო პარლამენტის ე.წ თავმჯდომარემ სახელმწიფო დუმასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტს შორის ურთიერთქმედების შესახებ "შეთანხმებას" მოაწერეს ხელი.
"ეს იქნება პრობლემური თემები, რომლებიც აღელვებს როგორც აფხაზეთის მოსახლეობას, ასევე რუსეთის მოქალაქეებს. ჩვენ ვთვლით, რომ მეგობრობა - ეს ქუჩაა ორმხრივი მოძრაობით. რაც შეეხება განვითარებას, ის დაფუძნებული შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ნდობაზე. დიალოგის გარეშე კი ნდობის ჩამოყალიბება შეუძლებელია", - თქვა ვოლოდინმა.
დუმის სპიკერმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთან "ასეთი კომუნიკაცია პირველად შედგა და გამოვიდა ძალიან გულწრფელი საუბარი".
"ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთის უკეთ გაგება, გავიცანით ამ განხილვების შემდეგ. თუ ლაშა [ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე] დაგვპატიჟებს, მზად ვართ კიდევ ერთხლ ჩამოვიდეთ", - აღნიშნა ვოლოდინმა.
ვოლოდინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის დეპუტატები სახელმწიფო დუმის კონფერენციაზეც მიიწვია, რომელიც ფრაქციულ მუშაობასა და შიდასაპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას მიეძღვნება.
რუსეთის დუმის სპიკერმა დე ფაქტო პარლამენტში გამართულ საუბარს კონსტრუქციული უწოდა.
"უკვე შესაძლოა შედეგების შეჯამება, თუმცა ჩვენ ახლა წინ გვაქვს მნიშვნელოვანი დიალოგი პრეზიდენტთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიმედოვნებ, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ", - თქვა ვოლოდინმა.