უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბურ თავდასხმას ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოჰყვა.
ხერსონის ოლქის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. გუბერნატორის, ვლადიმირ სალდოს განცხადებით, ამ დროისთვის ხერსონის ოლქის ყველა რაიონი მთლიანად ან ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, იერიშის მთავარი სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. ასევე, ღამის განმავლობაში მრავალჯერადი აფეთქებების ხმები ისმოდა ნახევარკუნძულის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სევასტოპოლსა და ქერჩში.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბახჩისარაის რაიონის სოფელ ნეკრასოვკას მახლობლად მდებარე ელექტროქვესადგური სავარაუდოდ დაზიანდა, რის შემდეგაც რეგიონში შუქი მყისიერად ჩაქრა, ასევე საჰაერო თავდასხმების შედეგად ვითარება გამწვავდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილშიც - დრონების დარტყმის შემდეგ, ქალაქ მელიტოპოლში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. პარალელურად, ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა ოკუპირებულ დონეცკს, სადაც შუქი დაახლოებით შუაღამისას, თავდასხმების ტალღის დაწყებისთანავე გაითიშა.
ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონებში ენერგოსისტემის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება
საერთაშორისო ანალიტიკოსების გამოხმაურებით, უკრაინის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმში, ენერგეტიკულ და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დრონების მასირებული იერიშები წარმოადგენს მიზანმიმართული, გრძელვადიანი კამპანიის ნაწილს, რომლის მიზანიც რუსეთის ენერგოსისტემის პარალიზება და ოკუპირებული ნახევარკუნძულის ეფექტური ბლოკადაა.
