სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების პრობლემას გამოეხმაურა, რომლებიც ემიგრანტები არიან და არჩევნებში ხმის მიცემას ვერ ახერხებენ. ის აღნიშნავს, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას უფლებრივი, სამართლებრივი, პოლიტიკური დატვირთვა აქვს, შესაბამისად, ასეთ მოქალაქეებს მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა არ სურთ.
აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის ადგილის შეცვლას სთხოვენ, რაც გულისხმობს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ფაქტობრივი მისამართი რეგისტრაციის ადგილად აღარ ჩაითვლება.
"ბოლო დღეებში საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლევათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. [..]
საკითხის მოკვლევის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას აქვს როგორც უფლებრივი, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დატვირთვა, შესაბამისად, ასეთ პირებს არ სურთ მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა. ამავე დროს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, მით უმეტეს როცა ეს არჩევნები არის საერთო სახელმწიფოებრივი და არა ადგილობრივი თვითმმართველობის. შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაფუძნებული მიდგომის და ნორმათა სისტემური განმარტების საფუძველზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და შეიყვანოს ასეთი პირების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში", - წერია განცხადებაში.
ასევე, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემა კანონმდებლობაშია და საზოგადოების მხრიდან მოთხოვნისა და ინტერესის საფუძველზე, პარლამენტს ამის შეცვლა შეეძლო.