ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული გენადი ბესტაევი ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მას ინსულტი განუვითარდა და ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გენადი ბესტაევის და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, რათა მისი ძმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანონ.
"ჩემი მოთხოვნაა, დამეხმარონ. ერთადერთი ძმა დამრჩა და იმასაც მიწისთვის იმეტებენ. წითელი ჯვარი თუ შეიძლება, დამეხმაროს, მე არაფერი შემიძლია", - ამბობს ის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ცხელი ხაზის მეშვეობით, მუდმივ რეჟიმში, იღებენ ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ.
"მისი გადმოყვანის პროცესში ჩართულია ჟენევის თანათავმჯდომარეები და სახელმწიფო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოხდეს მისი სწრაფი გადმოყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე", - აცხადებენ უწყებაში.