ოკუპირებული ახალგორის საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეწყვიტა. კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის ამზადებენ. თუმცა იქ ამ დრომდე დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საავადმყოფოში მიღებაზე უარს ეუბნებიან ქრონიკული დაავადების მქონე 84 წლის კაცს, რომელსაც საკვების მიღების პრობლემა აქვს.
ადგილობრივი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ რაიონულ საავადმყოფოში არ აქვთ ხელოვნური ვენტილაციის აპარატი, არ არსებობს პროტოკოლი, ექიმებმა კი ჟანგბადის ბალიშების გამოყენებაც არ იციან.
"არ ვიცი, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ სხვა, გეგმური ან მოულოდნელი ავადმყოფები აღარ მიიღონ, რადგან მთლიანად კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის ამზადებენ. თუმცა ასეთი ჯერ არ გვყავს და ველოდებით, როდის დაფიქსირდება. ამ დროს კი სხვა პაციენტს არ იღებენ, რაც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. მით უმეტეს, არ არსებობს ხელოვნური ვენტილაციის აპარატი, ასევე მედიკოსების ნაწილმა ჟანგბადის აპარატის ხმარებას არ იციან. ჩვენი ექიმები ამისთვის მზად არ არიან", - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.