ოკუპირებული ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
გზა დღეიდან, 20 აგვისტოდან 31 აგვისტომდეა გახსნილი.
ე.წ გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაიკეტა, რის შემდეგაც მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა. ამის შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა.
"ეს შეზღუდვა 3 წლის განმავლობაში გრძელდება. ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში. მათ გადაადგილების, სამედიცინო მომსახურების და სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხების ფუნდამენტური უფლებები არ აქვთ. როცა ამ ადამიანებს სჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მიყავთ ცხინვალში. იქ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების რესურსი არ არსებობს. გარდაცვალების შემთხვევაც ბევრი გვქონდა ამ პერიოდში. თუმცა, ბოლო დროს ამ მიმართულებით შერბილება შეინიშნება. თვითონ ახალგორის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას მათი გადმოყვანის თაობაზე და ადმინისტრაცია საოკუპაციო ძალებთან ერთად ხსნის ე.წ პირობით საზღვარს". - ამბობს ახალგორის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი.
საქართველოს პოლიციამ საგუშაგო პუნქტი ხაშურის სოფელ ჩორჩანაში განათავსა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უკვე ყოფილი ე.წ პრეზიდენტი ბიბილოვი აცხადებდა, რომ საქართველოს შსს-მ საგუშაგო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განათავსა და მის აღებას მოითხოვდა.
ახალგორში მცხოვრებლებს შეეზღუდათ სამედიცინო სერვისებზე წვდომა - ჩაკეტვამდე ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომსახურებას იღებდნენ და გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ.