ოლიმპიურ კომიტეტში არჩევნები ვადაზე ადრე დაინიშნა. პრეზიდენტობის კანდიდატს აღმასკომი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს. ქართული ოცნების დეპუტატი, ლერი ხაბელოვი კენჭს პრეზიდენტის პოსტზე მესამედ იყრის. არჩევნების თარიღის გადმოწევის ერთ-ერთ მიზეზად პანდემიას ასახელებენ.
კენჭისყრა 11 სექტემბერს არის დანიშნული. ხაბელოვის ოპონენტი, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ხაბელოვს საპარლამენტო არჩევნების შედეგების ეშინია და პოზიციების გამყარებას ჩქარობს.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბრის ნაცვლად, სექტემბერში ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებმა აღმასკომის სხდომაზე მიიღეს. ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მათ ეპიდემიოლოგების მიერ დაანონსებული კორონავირუსის მეორე ტალღა დაასახელეს.
ვადაზე ადრე დანიშნულ არჩევნებში სხვა ქვეტექსტს ხედავს ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი. მისი თქმით, ქართული ოცნების დეპუტატსა და კომიტეტის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს, საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების იმედი არ აქვს და ამ გზით, პოზიციების გამყარებას ჩქარობს.
კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
"მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი სახელმწიფო არ ერევა არჩევნებში, რამეთუ ეს არის დამოუკიდებელი არჩევნები. მე მოვისმინე და გული მწყდება თქვენი ტელევიზიისგან, რომ შეკვეთილი სიუჟეტები არის აქ და საუბრობენ ისეთ თემებზე, რომელიც თვითონ გააკეთეს, როდესაც იყო სხვა პრეზიდენტი 2012 წელს", - ამბობს ხაბელოვი.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის მსურველებს საკუთარი კანდიდატურის დაყენება პირველ სექტემბრამდე შეუძლიათ.