logo
ENG



ომბუდსმენი: ანტიკრიზისულ გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული

05 მაი 202022:55
3 წუთის საკითხავი
 
1mlocuxse40rwfa.jpg

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ შშმ პირთა საჭიროებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გეგმის თანახმად, სოციალური ბენეფიტით ისარგებლებენ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც შეფასების მოქმედი მოდელის ხარვეზიანობის გამო არ აქვთ განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, დახმარების გარეშე რჩებიან.

„მსგავსი სოციალური პოლიტიკა შშმ პირებთან მიმართებით არ არის მართებული. კერძოდ, გეგმით გათვალისწინებული ბენეფიტებით სარგებლობა ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შეფასების სამედიცინო მოდელის მიხედვით დადგენილ სტატუსს. აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გეგმის ეფექტურობას, რადგან დახმარება უნდა ეფუძნებოდეს არა შეზღუდვის სამედიცინო ხარისხს, არამედ ამ პირთა რეალურ სოციალურ საჭიროებებს, რომელიც მოცემულ ვითარებაში აქვთ დასახელებულ პირებს.

მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია შშმ პირებისთვის მოქმედი სხვადასხვა პროგრამა, სერვისები ნაწილობრივ ხორციელდება დისტანციურად, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ამ პირთა მომსახურებას, ოჯახები ვერ უმკლავდებიან შშმ პირთა სოციალურ საჭიროებებს, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ქმედით ღონისძიებებს არ ატარებენ, სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს დაგეგმილი საქმიანობის გადახედვას და მასში ცვლილებების შეტანას. კერძოდ:

საქართველოს მთავრობამ გადახედოს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას და მასში გაითვალისწინოს შშმ პირთა მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი სოციალური საჭიროებების შესაბამისად

მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივ ანტიკრიზისულ ღონისძიებებში მაქსიმალურად მოიცვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფები, მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებების (ჰიგიენური მოვლის საშუალებები, მედიკამენტები, სხვა) გათვალისწინებით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინოს ხედვა, თუ რა ვადებში განხორციელდება შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემის დაწყებული რეფორმა

სახალხო დამცველი აგრძელებს მოცემულ საკითხებზე მუშაობას და შშმ პირთა საჭიროებებზე რეაგირების ეფექტურობის მონიტორინგს“, - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა