logo
ENG



ომბუდსმენი: ბოლო წლებში გამოხატვის თავისუფლების სივრცის უფრო შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება

04 აპრ 202212:42
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი: ბოლო წლებში გამოხატვის თავისუფლების სივრცის უფრო შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება

სახალხო დამცველი 2021 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში გამოხატვის თავისუფლების სივრცის უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება.

ასევე, ომბუდსმენი "შემაშფოთებლად" აფასებს იმ "მტრულ" და "საფრთხისშემცველ" გარემოს, რომელშიც ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა, უფლებადამცველებს უწევთ საქმიანობა.

დღეს, 4 აპრილს ნინო ლომჯარიამ ანგარიში მედიას წარუდგინა. მანვე დაახასიათა გამოხატვის თავისუფლებისა და კრიტიკული მედიის ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებების მხრივ არსებული მდგომარეობა.

"2021 წელს გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში.

ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების დაუშვებლობა და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

მისივე შეფასებით, გასული წლების მსგავსად, სამართალდამცავები შეკრებების მართვისა და დაშლის შემთხვევაში იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას. ასევე, შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავებების შემთხვევები მეტწილად ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას:

"საგულისხმოა, რომ ამდაგვარ ჩარევას და სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი ჰქონდა ოპოზიციურად განწყობილი პირების, სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული შეკრებების დროს, ხოლო ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ შეკრებების მართვის მიმართ სახელმწიფოს რეაგირება გაცილებით ლმობიერი იყო.

შეკრებების დროს უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევისთვის კვლავ გამოიყენებოდა დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელი 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენჯერმე დაანონსებული რეფორმის ჩავარდნის მიზეზი ადამიანის უფლებების სტანდარტების შეუსაბამო მექანიზმების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებაა.

ეს სამართალდამცავ ორგანოებს, ისევე როგორც სასამართლოს უმარტივებს ადამიანის უფლებათა შესაბამისი სტანდარტების გვერდის ავლით მიიღონ შეკრების მონაწილეთა მიმართ უფლება შემლახავი გადაწყვეტილებები".

ომბუდსმენი ანგარიშში საუბრობს 2021 წლის 5 ივლისზე, და ამბობს, რომ ეს "ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღეა, როდესაც ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა".

"5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ არამხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტების, ლგბტ+ თემის, მათი აქტივისტებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა წინმსწრებმა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა", - თქვა ომბუდსმენმა.

მანვე აღნიშნა, რომ 5 ივლისს მომხდარ მასშტაბურ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია.


close დახურვა