logo
ENG



ომბუდსმენი: დაუშვებელია გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა

03 ივნ 202311:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/03/kzljfau3qnjkq5z.jpg

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბანერების გამო ძალადობრივ დაკავებებს ეხმაურება და და აცხადებს, რომ დაუშვებელია "სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით" გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. მისი თქმით, ამ სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, დაკავებულია 7 ადამიანი. 

დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა. 


close დახურვა