საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, რომ კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი გასცენ.
სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობისთვის საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები საკმარისი არ არის.
"სახალხო დამცველის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები",- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ნინო ლომჯარია ჯანდაცვის სამინისტროს ასევე მოუწოდებს, რომ სამინისტრომ საზოგადოებას, კორონავირუსის შემთხვევების აუდიტის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის თაობაზე, ინფორმაცია მიაწოდოს. კერძოდ, რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე კონკრეტულად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.
დღეს, 5 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 306.
ჯამში, 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 158 154 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1462 ადამიანი.