logo
ENG



ომბუდსმენი: კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები დღემდე განიცდიან ომის შედეგებს

07 აგვ 202019:09
3 წუთის საკითხავი
 
5rpp5rwla95j5jx.jpg

 

სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება და განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები, როგორც ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს.

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით ძალისხმევა არ დაიშუროს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის ღირსებისა და უფლებების დასაცავად.

ომბუდსმენი ყველა იმ პრობლემას ეხმიანება, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. იგი გამოყოფს სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტებს და ამის მაგალითად მოჰყავს 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის უფლების დარღვევა. 

სახალხო დამცველი, ასევე, საუბრობს გადაადგილების პრობლემაზეც. მისი თქმით, ჰუმანიტარული კრიზისი ნათლად წარმოაჩინა ე.წ. გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვამ და არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა გარდაცვალების ფაქტებმა. 

"წლების განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა დაკავებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში. კვლავ პრობლემას წარმოადგენს, საოკუპაციო ხაზის პირა სოფლებში ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია/კომპენსაციის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების საკითხი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლიდან წლამდე უარესდება ჯანდაცვის და განათლების ხარისხი. 

2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ განათლების სისტემის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.


close დახურვა