საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პრაიდის კვირეულს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, პრაიდის კვირეული თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და ლგბტ-ს უფლებები დაცული იყოს.
"უმნიშვნელოვანესია, დაგეგმილი ღონისძიებები ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები. ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის კონკრეტული ღირებულებები და შეხედულებები, ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოში", - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ გმობს ყველა იმ საჯარო განცხადებას და მუქარას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვას და რეალიზებას.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა პასუხისმგებელმა ორგანომ საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ ყველა მოწოდებასა და მუქარაზე მოახდინოს სათანადო რეაგირება და უზრუნველყოს პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახლოებული კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით", - აცხადებს ომბუდსმენი.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე და მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.
თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება.