logo
ENG



ომბუდსმენი: პანდემიისას მთავრობის გადაწყვეტილებებმა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა

10 დეკ 202112:39
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველმა 2021 წელს პანდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების მიღებული გადაწყვეტილებები გააკრიტიკა. ამის შესახებ მან უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით 2021 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ წელს მან არაერთხელ გააკრიტიკა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მიდგომები, რამაც ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა.

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ არაეფექტური იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია და ზოგიერთი რეგულაცია. მისი აზრით, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ ეყრდნობოდა მეცნიერულ მტკიცებულებებს და პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, რისი მაგალითიც უვადო მწვანე პასპორტების შემოღებაა. 

"კერძოდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაეფექტური იყო ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები, უმეტესწილად, კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას არ ეფუძნებოდა.

ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტების შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ასე შემდეგ, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეგულაციები წესდებოდა არა მეცნიერული ან სამედიცინო ან ეპიდემიოლოგიური გათვლებით, არამედ პოლიტიკური თუ სხვა მიზაშეწონილობის გათვალისწინებით“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

მან სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.


close დახურვა