logo
ENG



ომბუდსმენი: რელიგიური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან გადამდები დაავადება არ გაავრცელონ

21 მარ 202016:07
3 წუთის საკითხავი
 
3e1wgcofdu5h3kj.png

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოების ინფორმირებულობისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი", რომელიც პანდემია-ეპიდემიების დროს მოქმედებს, აცხადებს, რომ:


"მუხლი 5.

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:
ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;
გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;
დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები..."

შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაცია, რომ პანდემიის დროს ყველამ უნდა დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის დროსაც და მის გარეშეც არის სავალდებულო ყველასთვის, ფიზიკური პირებისთვისაც და ორგანიზაციებისთვისაც, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისთვის. ამ მუხლით შეიზღუდა და გაჩერდა მთელი რიგი დაწესებულებების საქმიანობა საქართველოში‼️ ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ამ დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც“, - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად კორონავირუსისა, სინოდის სხდომაზე საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება და პროცესის დროს საერთო კოვზის გამოყენება მოხდება

საპატრიარქოს გადაწყვეტილებას საზგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, მიაჩნიათ, რომ საერთო კოვზით ზიარების დროს ვირუსის გავრცელების დიდი საფრთხეა.

პრემიერმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გააკეთა განცხადება. ამ დროს 10 კაცის ერთად შეკრება იზღუდება. გახარიამ იქვე დაამატა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს, მათ შორის ეკლესიასაც.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 48 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 1 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.

ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა


close დახურვა