logo
ENG



ომბუდსმენი: საგანგაშოა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები

02 აპრ 202016:53
3 წუთის საკითხავი
 
smilvmeadvkcmk7.png

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის თაობაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა. 

ანგარიშის თანახმად, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საგანგაშოა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები (ფემიციდი).

„საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 10, ხოლო ქალთა მკვლელობის მცდელობის 22 ფაქტიდან 18 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა განხორციელებული. პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის პირობებში ჩადენილი მკვლელობის/მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების პრევენცია. კვლავ დაბალია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებელი. რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტიანი განხორციელების კუთხით არსებული გამოწვევები, ასევე უარყოფითად აისახება ქალთა უფლებრივი მდგომარეობასა და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე.

კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინირებული მუშაობა და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა, ადრეული ქორწინებისა და ნიშნობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ მასშტაბურ კამპანიას ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხზე.

არ გაუმჯობესებულა ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობის ფაქტები. მაშინ, როდესაც უფლებების შეზღუდვის ფაქტები კერძო პირებიდან მომდინარეობს, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფოს პასუხი არ არის ქმედითი და ეფექტური“, - ნათქვამია ანაგრიშში.


close დახურვა