სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხად განმარტა, რომ ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, არამედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეიტანა, რადგან ომბუდსმენის აზრით ამ ნორმატიული აქტით ირღვეოდა კონსტიტუციით დაცული რელიგიების თანასწორუფლებიანობის პრინციპი.
ნინო ლომჯარიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველმა წარადგინა სარჩელი იმ კანონის შესახებ, რომლითაც მართლმადიდებლური ეკლესიას ენიჭება უფლება, მიიერთოს მისი საკუთრების გარშემო არსებული ტყის ტერიტორია.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ინტერპრეტაცია, თითქოს სახალხო დამცველი მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვის სამართლებრივად არასწორია, რადგან ამ საქმეში მოპასუხე მხარე პარლამენტია.
„ისე წარმოაჩინეს აქ დეპუტატებმა, რომ თითქოს სახალხო დამცველი ამ სარჩელით ებრძვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას . ასევე განვმარტავ, რომ არასწორად ითქვა თითქოს, სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ეს სამართლებრივად არასწორია, იმიტომ რომ სარჩელი შეტანილი იქნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. შესაბამისად მეორე მხარე, ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარე ამ საქმეში არის საქართველოს პარლამენტი“ - განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენმა ასევე განმარტა, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოში ამგვარი ნორმის გასაჩივრების პირველი შემთხვევა არაა. მისი ინფორმაციით, წარსულში სასამართლომ 2 ანალოგიური საქმე განიხილა და ორივე საქმე დააკმაყოფილა.
ლომჯარიას თქმით, ამ გადაწყვეტილებებით საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არაკონსტიტუციურია, ერთი რელიგიური ორგანიზაცია სარგებლობდეს იმ პრივილეგიებით, რით სარგებლობაც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ და ამ ნორმების მოქმედება გააჩერა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი პრაქტიკით უკვე თქვა, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები რომლებიც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევს უპირატესობებს და პრივილეგიებს საგადასახადო თუ პრივატიზების საკითხების მიმართულებით და ამ შესაძლებლობებით სარგებლობა არ შეუძლია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, არის არაკონსტიტუციური და შესაბამისად რამდენიმე ნორმის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ლომჯარიამ ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველს უნიკალური მანდატით აქვს უფლება, რომ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაშიც წარადგინოს, როცა ომბუდსმენის აპარატი მიიჩნევს, რომ ეს ნორმატიული აქტი ადამიანის უფლებებს არღვევს, მაგრამ დაზარალებული არ არსებობს.
ომბუდსმენის თქმით, რელიგიური თანასწორობის საკითხი გარკვეულ ჯგუფებს აწუხებთ და ზოგ შემთხვევაში, როცა დაზარალებულებიც არსებობენ ისინი სახალხო დამცველს მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის თხოვნით, რადგან ამ ჯგუფებს „მომავალში თავდასხმებისა თუ დისკრედიტაციის ეშინიათ“.
სახალხო დამცველის აზრით, უცნაურია, რომ იმ ფონზე როცა ომბუდსმენის აპარატს დარღვევების სიმძიმის კუთხით უფრო მნიშვნელოვანი ათობით სარჩელი აქვს წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლომ ამ კონკრეტული სარჩელის განხილვა მიიჩნია პრიორიტეტულად.
პარლამენტში ნინო ლომჯარიას მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მას მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ტყვეების გადაცემის კანონის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე ჰკითხა "რას ერჩის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას?"
"ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ, მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას? 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბუნებრივია, აქ გვესმის, რომ ტრანსკრიფციაში იყო - ეკლესიის წინააღმდეგ.
აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია. თქვენ აპროტესტებდით, რომ ტერიტორიების მიჩენის ნაცვლად შესაძლებელია ახალი სტანდარტის დამკვიდრება, რომ ძველად აშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, ტყის გარკვეული ფართობები მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა- პატრონობით.
გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერესებს, რამ გაიძულათ ასე სასწრაფო რეჟიმში… როცა წინა ზაფხულში შეიტანეთ ეს სარჩელი, მიუთითეთ რომ იყო დაზარალებული და ამხელა პერიოდის მერე სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რადგან ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, ტყუილი იყო, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული" - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.