საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღეს აცხადებს, რომ საქართველოში ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ომბუდსმენის აპარატის თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია ლგბტ+ ადამიანებისთვის ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ასევე საგულისხმოა ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რაც "ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას".
ომბუდსმენის თქმით, სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შექმნილ სახელმწიფო დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები.
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ "აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს".
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება:
"2004 წლიდან მოყოლებული, 17 მაისს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.
საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას.
სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება.
სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები.
შესაბამისად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს." - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
საქართველოში 17 მაისი პირველად 2011 წელს აღნიშნეს, მაშინ მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა. 2012 წელს ლგბტქ+ აქტივისტები ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გეგმავდნენ. მათ გზად "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "ვახტანგ გორგასლის კავშირის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გზის გადაკეტვის მცდელობის დროს პოლიციამ 3 ლგბტ აქტივისტი დააკავა.
2013 წლის 17 მაისი განმსაზღვრელი იყო ყველა იმ მოვლენისა, რომელიც მომდევნო წლებში, ამ დღის აღნიშნავს მოყვა. ამ დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია ;პუშკინის სკვერში ძალადობრივად განწყობილმა სასულიერო პირებმა და ჭინჭრებით შეიარაღებულმა მრევლმა დაარბიეს. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ათასობით ადამიანი რამდენიმე ათეულ აქტივისტს სდევნიდა.
მომდენო წელს პატრიარქმა ილია მეორე 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ყოველწლიურად სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა იმართება. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია.
ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 2013 წლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა სხვადასხვა ფორმით. მთავარი მოვლენიდან პირველი დიდი შეკრება მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 2018 წელს მოხდა. ლგბტქ+ აქტივისტებმა დილის 10 საათზე, პოლიციის გაძლიერებული კორდონით, 1 საათით შეძლეს შეკრება. წინასწარ დარეგისტრირებული დემონსტრანტები ადგილზე ყვითელი მიკროავტობუსებით, განგებ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიიდან, შსს-მ მიიყვანა.
ბოლო რამდენიმე წელია ივლისში "პრაიდის კვირეული" იმართება, რომლის ორგანიზატორიც არის Tbilisi Pride. 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი იყო ღირსების მარში, რომელსაც რუსთაველის გამზირზე უნდა ჩაევლო. თუმცა აქაც ძალადობრივმა ჯგუფებმა, სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა ათასობით ადამიანმა ცენტრალური ქუჩა დაიკავა და ქალაქს არბევდა. ისინი მთელი ქალაქის მასშტაბით დასდევდნენ მარშის ორგანიზატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაარბიეს ოფისები და თავს დაესხნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის არასაკმარისი რაოდენობა.
პოლიციამ ძალადობაში ბრალდებულები დააკავა და გაასამართლა, თუმცა ამ დრომდე არ არიან დაკავებულნი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.