საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი არტ თაიმ სტუდიამ გაკვეთილებზე არ დაუშვა.
ომბუდსმენი ამბობს, რომ ბავშვი დედამ 2021 წლის მარტში, არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, შემოქმედებით სტუდიაში მიიყვანა.
ბავშვის ფსიქოლოგის შეფასებით, ხატვა, ძერწვა და მსგავსი აქტივობებით დატვირთვა მას ხელს შეუწყობდა, უკეთ გამოემუშავებინა სოციალური უნარ-ჩვევები.
საგაკვეთილო პროცესში ჩართვიდან მეორე დღეს დაწესებულებამ მშობელს უარი უთხრა ბავშვთან მუშაობის გაგრძელებაზე, მიზეზად კი ბავშვის რთული ქცევა დაასახელა.
ოჯახმა სახალხო დამცველს მიმართა. მისთვის წარდგენილ დოკუმენტებში წარმოდგენილია როგორც ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების, ასევე სხვა შემოქმედებითი დაწესებულების თანამშრომლის შეფასება, რომლებშიც ნათქვამია, რომ ბავშვისთვის არ არის დამახასიათებელი სხვების ან თვითდამაზიანებელ ქცევის გამოვლენა.
ანალიზის შემდეგ, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ არტ თაიმ სტუდიას ბავშვისთვის გაკვეთილებზე უარის თქმის დროს არ განუხილავს შესაფერისი ალტერნატივების და სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარემოსთან ადაპტირების პროცესში მშობლის დახმარება - მშობელს მისცემოდა შესაძლებლობა, მცირე ხნით, დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, დასწრებოდა საგაკვეთილო პროცესს და ბავშვს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაში დახმარებოდა, ასევე ბავშვის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა.
სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციაში, რომლითაც სტუდიას მიმართავს, ყურადღებას ამახვილებს არაფორმალური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ინკლუზიური განათლების პროცესში, რამდენადაც მისი მოქნილი და კონკრეტულ კონტექსტზე ორიენტირებული პირობებიდან გამომდინარე, უკეთ შეუძლია უპასუხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს.
დაწესებულებები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას, უზრუნველყონ მოზარდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა, ვალდებულნი არიან, სწორად ამოიცნონ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოთხოვნილება და შეთავაზებული მომსახურება მაქსიმალურად მიუსადაგონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს.
სახალხო დამცველმა არტ თაიმ სტუდიის დირექტორს მოუწოდა:
- მომავალში გაითვალისწინოს შეთავაზებული მომსახურების მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები და მომსახურება განახორციელოს იმგვარად, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა;
- უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ქცევის მართვის საკითხებთან დაკავშირებით.