logo
ENG



ომბუდსმენი: უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტი ფრაგმენტულია, უარყოფითად ვაფასებთ

14 სექ 202016:11
3 წუთის საკითხავი
 
vzbnr6aso7w5kst.jpg

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ფრაგმენტულად კონცენტრირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარკვეულ ასპექტებზე და კვლავ გადაუჭრელი რჩება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მთავარი რეკომენდაციები პროცესის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ცვლილება ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების არსებულ წესს, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სერიოზულ პრობლემას ქმნის შერჩევის პროცესის გამჭვირვალებისა და სანდოობის თვალსაზრისით.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება, დაასაბუთოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოსამართლის შერჩევის შესახებ.

ომბუდსმენის განცხადებით, რეალურად, კანონპროექტი ითვალისწინებს არა მთელი საბჭოს, არამედ უშუალოდ საბჭოს მდივნის დასაბუთებას, რომელიც აღწერილობითი ხასიათისაა, შეიცავს ჩატარებული პროცედურის აღწერას და შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ზოგად დახასიათებას.

ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითებს იმ მოტივებზე, რის გამოც საბჭომ სხვებისგან გამოარჩია კონკრეტული კანდიდატი.

შესაბამისად, სახალხო დამცველის თქმით, ცვლილება არ აუმჯობესებს არსებულ პროცედურას და მიღებულ გადაწყვეტილებას დასაბუთებულად არ აქცევს.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ შესაძლებელი ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გასაჩივრება საკვალიფიკაციო პალატაში. საჩივრის წარდგენის ვადად 1 კვირა განისაზღვრება, მისი განხილვის ვადა კი - 2 კვირა.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ იმავე კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ განმეორებით მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჩივრის განმხილველი ორგანო დაადგენს დარღვევას, ეს არ იქნება მბოჭავი საბჭოსთვის, რადგან მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმი არ იარსებებს.

"გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. ამ ორგანოს წევრები დღეს უკვე არიან ის მოსამართლეები, რომლებიც პარლამენტმა მოქმედი ხარვეზიანი პროცედურის ფარგლებში აირჩია გასული წლის დეკემბერში.

მაშინ, როდესაც თვით ამ მოსამართლეების შერჩევის პროცესში ადგილი არ ჰქონია დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო შერჩევის პროცესმა საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურებები ჰპოვა ყველა მნიშვნელოვანი აქტორის მხრიდან (არჩეული მოსამართლეების ნაწილის როგორც კეთილსინდისიერება, ასევე კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დადგა) ბუნებრივია, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც ვერ ექნება ნდობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ვერ პასუხობს სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც ადგილი აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და მათი მოგვარების მხოლოდ ნომინალურ მცდელობას წარმოადგენს". - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის ცვლილებას ომბუდსმენი რამდენიმე თვეა, ითხოვს. მან საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა, თუმცა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ომბუდსმენი პრობლემურად მიიჩნევდა კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღებას და, ასევე, მათი გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობას.

როგორც აღმოჩნდა, ინიცირებული ცვლილებების მიუხედავად, ომბუდსმენის შენიშვნები კანონპროექტში ასახული არ არის და არსობრივად არაფერს ცვლის.


close დახურვა