სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტულ კომპლექს არენას მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყეს.
მათ მიერ გავრცელებულ გაცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უარი ეთქვა კომპლექსის "არენა 1" აუზზე დაშვებაზე და მშობელს განემარტა, რომ მაშინ, როცა შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვები "არენა 1" აუზით სარგებლობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განსაზღვრულია მხოლოდ "არენა 2" აუზი, რომელიც სარემონტო სამუშაოების გამო, დახურულია.
"სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის საფუძველს უმეტესად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ძლიერი სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება, ასევე სერვისებისა და გარემოს მისაწვდომობის ბარიერები ქმნის. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საზოგადოებაში ადრეული ასაკიდან ინტეგრაციის ხელშეწყობა აუცილებელია მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის მიზნით.
ამასთან, ხშირ შემთხვევაში, სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის რეაბილიტაციის ფუნქცია აქვს და მნიშვნელოვანია მათი თანაბარ პირობებში განვითარების უზრუნველყოფისათვის.
სახალხო დამცველი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით სწავლობს აღნიშნული ფაქტს და შესწავლის შედეგებს დამატებით აცნობებს საზოგადოებას"- ნათქვამია განცხადებაში.