სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, სადაც პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
ლომჯარიას თქმით, პენიტენციური დაწესებულების უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ პრობლემაა ასევე, პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით, ხანგრძლივად განთავსება. მისი თქმით, კვლავ შენარჩუნებულია შემოწმების მიზნით, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა.
"არასათანადო მოპყრობის შემთხვევები გამოვლინდა პენიტენციურ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სფეროებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული საცხოვრებელი და სამედიცინო პირობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფარგლებში, 2021 წელს ცნობილი გახდა არასათანადო მოპყრობის, დაკავებულის დამცირებისა და ღირსების შემლახავი მოქმედებები.
თავდაცვის სფეროში გრძელდებოდა სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა, გამოვლინდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც ცნობილი იყო გენერალური ინსპექციისთვის, თუმცა, სახალხო დამცველის ოფიციალურ მიმართვამდე საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ გადაუგზავნია", - თქვა ომბუდსმენმა.