სახალხო დამცველის მონიტორინგის თანახმად, წინასაარჩევნოდ კვლავ ჰქონდა ადგილი სავარაუდოდ დისკრიმინაციულად სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს. ასევე, გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები. დაფიქსირდა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც.
ომბუდსმენის თქმით, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად გამოირჩევა ოპოზიციურ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის მასშტაბით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, კანდიდატურაზე უარის თქმით მიზნის 59 ოპოზიციური კანდიდატზე სავარაუდოდ ზეწოლა განხორციელდა. შედეგად, აღნიშნულმა პირებმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. მათგან 52 კანდიდატი პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლები იყვნენ, 6 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და 1 - მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელი.
კანდიდატების წარმდგენი პარტიების ცნობით, სავარაუდო მუქარები უმეტესად მომდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბებიდან, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებისგან. პარტიების ცნობით, კანდიდატებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობაში ხელშეშლით (ცალკეულ შემთხვევებში კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით. ზოგს კი, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაქმებას ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჰპირდებოდნენ.
"ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთ კანდიდატს არ სურს მომხდარზე საუბარი არც საჯაროდ და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ზეწოლის/მუქარის განხორციელების შემთხვევაში, ყოფილ კანდიდატებს მუქარის აღსრულების მოლოდინი აქვთ", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი ასევე აცხადებს, რომ დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანების ოფისის დაზიანება, საარჩევნო ბანერის მოპარვა, ოფისის მესაკუთრეებზე შესაძლო ზეწოლა, სარეკლამო ბილბორდებით სარგებლობის ხელშეშლა.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებაზე. აპარატის ინფორმაციით, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს ან შეავიწროვეს 69 პირი. ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. მათ შორის, ნაწილი აღნიშნულს სოციალურ ქსელებში პარტიის ლიდერის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების თუ კომენტარების განთავსება/გაზიარებას უკავშირებს.
სამსახურებრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელოში, აჭარასა და შიდა ქართლში გამოვლინდა. დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (აპარატისთვის 6 ფაქტია ცნობილი), მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან. გამოიკვეთა კერძო დაწესებულებიდან გათავისუფლების ერთი ფაქტიც.
სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით შესაძლო უკანონო გათავისუფლების და სამსახურებრივი ზეწოლის 44 ფაქტთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით უკვე მიაწოდა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აპარატი შესაძლო პოლიტიკური დისკრიმინაციის 14 საქმეს სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა სახის შრომით უფლებადარღვევებს შეეხება.
წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ ვრცელდება ინფორმაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე. ამ ეტაპზე, სახალხო დამცველმა 5 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.