სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულებს. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მონახულების და კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევის თხოვნით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიმართა.
"2021 წლის 22 ნოემბერს სახალხო დამცველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიმართა და მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევისა და ალტერნატიული აზრის მოსმენის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჩართვა სთხოვა.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი აგრძელებს საქმიანობას უცვლელად, თავდაპირველი შემადგენლობითა და მანდატით. მულტიპროფილურ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის ფუნქციას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ექსპერტიზა და სახალხო დამცველისთვის დასკვნების/მოსაზრებების წარდგენა.
უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მართვა სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეულ ექსპერტთა მანდატს არ მიეკუთვნება. თუმცა, სახალხო დამცველი გაითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად, სრულფასოვნად გაუზიარებს სამინისტროს ე.წ. მეორე აზრის წარდგენის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 20 ნოემბერს უკვე შეამოწმეს.
"პირველადი შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული საკითხები (დასახელდა სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება, ვიდეოჩაწერა), რასთან დაკავშირებითაც შედგა მყისიერი კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ პირებთან. ერთ ეპიზოდში ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. პირობებთან დაკავშირებით დასახელებული საკითხების შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღეს შესაბამისი რეაგირების პირობა, რისი შედეგებიც ასევე შემოწმდება გონივრულ ვადაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.
ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.