logo
ENG



ომბუდსმენი:პანდემიის პირობებში გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის საფრთხე

01 ივნ 202011:24
3 წუთის საკითხავი
 
ch871omyl0kvzzc.jpg

ომბუდსმენი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) მსოფლიო პანდემიის პირობებში, გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე. 

სახალხო დამცველი ოჯახში არსებულ ძალადობაზეც ამახვილებს ყურადღებას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გააძლიერონ პრევენციული ღონისძიებები და უზრუნველყონ დროული და ეფექტური კოორდინაცია.

„ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) მსოფლიო პანდემიის პირობებში, გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე. პრობლემას წარმოადგენს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობის გამო. ამასთან, კარანტინის რეჟიმი და იზოლაცია დამატებით დამთრგუნველ ფაქტორად იქცა და უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

"პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სიღარიბეში მყოფი, სახელმწიფო ზრუნვაში და რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არსებული რისკებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ეფექტური სისტემით უნდა სარგებლობდნენ.

"საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საგანგებო რეჟიმის პირობებში და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ:

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა მუდმივ რეჟიმში უზრუნველყონ ბავშვთა ინფორმირება მათთვის გასაგები და თვალსაჩინო ფორმით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ვირუსთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და პრევენციულ ღონისძიებებს;

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან ადგილებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა განათლების უწყვეტობაზე, ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე;

"ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკების შესაბამისად, პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ პრევენციული ღონისძიებები და უზრუნველყონ დროული და ეფექტური კოორდინაცია.

"ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც იმყოფებიან არასრულწლოვნები. ბავშვთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, პანდემიის პირობებში, დიდწილად სწორედ მშობლებისა და მზრუნველი პირების სამოქალაქო თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.


close დახურვა