სახალხო დამცველი დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და სამართალდამცავი უწყების მხრიდან არაეფექტურ რეაგირებაზე საუბრობს.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს.
"მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და 2 დღიან უმართავ ჯგუფურ ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოვლენების მსგავსმა განვითარებამ დმანისის მრავალეთნიკურ მოსახლეობას შორის დაპირისპირების საფრთხე გააჩინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას, ასევე, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით.
სახალხო დამცველის შეფასებით, ინციდენტის მიმდინარეობისას მთელი რიგი შემთხვევების დროს სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტიანი. კონფლიქტში მონაწილე პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს პოლიციის თანდასწრებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის გამო და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ეფექტიანი გამოძიება ჩაატარონ.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის და აპარატურის დაზიანების ფაქტები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი შემთხვევა არ დარჩეს ეფექტიანი გამოძიების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია დადგეს ჟურნალისტებზე თავდასხმის მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა. სახალხო დამცველი შეისწავლის გამოძიების მიმდინარეობას.
ამასთან, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან დმანისის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის წარმოშობილ, სავარაუდოდ კრიმინალური ხასიათის დაპირისპირებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის ხსენებას და მასთან რაიმე ტიპის კავშირის წარმოჩენას.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შესაძლო სამართალდარღვევებზე მართლმსაჯულების აღსრულების, მომხდარის სამართლებრივი შეფასების და ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით. ასევე, მიმდინარე მოვლენებმა ცალსახად გამოკვეთა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა სამომავლოდ, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, გააზრებას და გაძლიერებას საჭიროებს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
დმანისში ადგილობრივებს შორის კონფლიქტი 16 მაისს დაიწყო. დაპირისპირებამ 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.
ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.
გუშინ საღამოს, დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ შერიგდნენ.
ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.