სახალხო დამცველი ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლების დაგეგმილ გაფიცვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ განუხრელად იყოს დაცული დასაქმებულთა შრომის უფლებები.
დაანონსებული გაფიცვის სავარაუდო მასშტაბის გათვალისწინებით, ომბუდსმენი მოუწოდებს ევოლუშენ ჯორჯიას, აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს დასაქმებულებთან, მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.
"ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო და შრომის ღირსეული ანაზღაურება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს საქართველოც წარმოადგენს, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს უსაფრთხო, სამართლიანი შრომის პირობები და შრომის სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს.
როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა ზოგადად დამსაქმებლების მხრიდან მიუღებელ პოზიციად ფასდება და ხშირად, საფუძვლად ედება დამსაქმებლის მიერ განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას"- ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის ცნობით, საკითხის შესწავლა დაიწყო შრომის ინსპექციის სამსახურმა. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ შრომის ინსპექცია " ყოველმხრივ და სრულყოფილად შეისწავლის საკითხს და შემჭიდროებულ ვადებში მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას".
ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები 12 ივლისიდან გაფიცვას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვას კომპანიაში დასაქმებული 4600-მდე თანამშრომელი უერთდება. ისინი ევოლუშენ ჯორჯიაში შრომითი უფლებების დარღვევებსა და კომპანიის მხრიდან მათ მიმართ ღირსების შემლახავ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.