მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 8 ექიმთან ერთად შედის. ომბუდსმენის თქმით, ექიმები გაეცნობიან სამედიცინო ჩანაწერებს და გააკეთებენ დასკვნას მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული და ჩასატარებელი მკურნალობის შესახებ.
"მიზანი იგივე არის, რაც წინა შემთხვევაში, ეს არის მორიგი ვიზიტი სახალხო დამცველთან არსებულ ექიმთა ექსპერტთა ჯგუფის, რომელიც ჩაატარებს სამედიცინო შემოწმებას პაციენტის. მოგეხსენებათ ბოლო ვიზიტი ჩვენ 23 ნოემბერს განვახორციელეთ, მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, ამიტომ სამედიცინო შემოწმება მოხდება, გაეცნობიან სამედიცინო ჩანაწერებს და შემდგომ, ტრადიციულად ალბათ, იქნება მათი დასკვნა და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ მკურნალობასთან დაკავშირებით" - ამბობს ნინო ლომჯარია.
ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება მისი პირადი ექიმი.
შეგახსენებთ, ცენტრ ემპათიას დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათში ფსიქოტროპული პრეპარატი ფიგურირებს.
ჯიშკარიანისთვის გაუგებარია, რატომ ფიგურირებს ასეთი პრეპარატი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ბარათში, რადგან მას ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში "ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება"
სამთავრობო კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოსტკოვიდური გართულებების გამო მისი ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს იღებდა და მისთვის წამლების დოზის გადამეტებასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.
ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს.