სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო.
საქმე ეხება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
"სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო", - წერს ლომჯარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ტელევიზიიდან გაიგო. ჯინჭარაძე მომხდარს მის მიერ გამოხატულ პროტესტს უკავშირებს, როდესაც შპს ბათუმი თაუერისთის პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას შეეწინააღმდეგა.